განუზომელია ეს სიკეთე. საუკეთესო დაცვა მიწისა წყლისა და ქარის ეროზიისაგან არის სწორედ მწვანე კორდი. ის ათჯერ უკეთ ასრულებს ამ ფუნქციას, ვიდრე საუკეთესო დამცავი მასალები. იმისათვის, რომ უზრუნველყოს ფოტოსინთეზის პროცესი საჭირო რაოდენობის ნახშირორჟანგით, გაზონის ყოველმა მეტრმა ათასობით კუბური მეტრი ჰაერი უნდა `ამოტუმბოს~ ჟანგბადთან ერთად. ცხელ ამინდში ნესტის აორქლების დროს მიიღწევა კონდიციონირების იმგვარი ეფექტი, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, მძლავრ სამრეწველო დანადგარებს შეედრება.
საინტერესოა მეცნიერთა მიერ გამოანგარიშებული გაზონის ეკოლოგიური ღირებულება: ერთი ჰექტარი მწვანე გაზონი ათას ძირ ზრდასრულ ხეს უდრის. არანაირი ნანოტექნოლოგია არ შეედრება ამ ბუნებრივ ფენომენს. გარდა ამისა გაზონის ხავერდის ზედაპირი ეფექტურად ახშობს ხმაურს _ დაახლოებით 8_10 დეციბალით.
სიცოცხლის ფერსაც ტყუილად როდი ეძახიან მწვანე ფერს. ის ამშვიდებს ნერვულ სისტემას, რაც პრაქტიკაში გამოსცადეს ამერიკელმა მედიკოსებმა. მწვანე კორდის ხშირი ყურება შიზოფრენიით დაავადებულებში ავადმყოფობის რეციდივის ალბათობას შესამჩნევად ამცირებდა.
ეს კიდევ ყველაფერი არ არის. ნებისმიერი ფეხბურთელი ადასტურებს, რომ ბუნებრივ გაზონზე გაცილებით უსაფრთხოა თამაში, ვიდრე ხელოვნურ საფარზე. ეს უფრო მნიშვნელოვანი ხდება ბავშვებთან დამოკიდებულებაში _ ბალახის კორდი დამცავი ბარიერის ფუნქციას ასრულებს. ერთი სიტყვით, როგორც ცხადად ვნახეთ, მწვანე გაზონი ბიოეკოლოგიური წონასწორობის ხელშემწყობი ყველაზე ეფექტური ბუნებრივი საშუალებაა.